მუქი ვერსია

სოციალური ქსელით ნაპოვნი მეორე ნახევარი და ახალი პროფესია


თამარ ტაბატაძე-სმიტი თვითნასწავლი ქართველი მხატვარია. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტმა ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა პროფესიულ მხატვრობაზე არასდროს უფიქრია. სოციალური ქსელით მომავალი ქმარი გაიცნო და ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ინტერნეტით ფოტოსურათების მიხედვით ადამიანების ყველაზე დიდ მეგობრებს, ძაღლებს ხატავს და ამით დიდ სიამოვნებას იღებს. შეკვეთები ამერიკის სხვადასხვა შტატიდან აქვს. თამუნა ყოველ წელს სტუმრობს სამშობლოს. ჩვენც ერთ-ერთი ასეთი ვიზიტით ვისარგებლეთ.
– თამუნა, პირველ რიგში, მიამბეთ, რა ასაკში და როგორ დაიწყეთ ხატვა, რა გახდა ინსპირაციის წყარო?
– ხატვა პატარა ასაკიდან დავიწყე, ალბათ, 3-4 წლისამ. ვხატავდი ყვავილებს, სახლებს, მზესა და ღრუბლებს, როგორც ყველა ბავშვი. მერე სკოლაში ხატვის გაკვეთილებზე ყველა მთხოვდა, დავხმარებოდი და წინ უამრავი რვეული მედო. მერე ყველა დღიურში მთხოვდა დახატვას და ძალიან მომწონდა.
– ეს თქვენი ძირითადი პროფესიაა თუ...
– არა, მოყვარული ვარ. არასდროს მიფიქრია ამაზე, როგორც პროფესიაზე. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ცოტას და იშვიათად ვხატავდი.
– პროფესიით ვინ ხართ?
– ინგლისური ენის სპეციალისტი.
– ამერიკაში რა ასაკიდან წახვედით და რა გახდა ამის მიზეზი?
– 2011 წელს „ფეისბუკზე“ სიმპათიურმა ბოსტონელმა შობა მომილოცა, რაც შემდეგ უწყვეტ კომუნიკაციასა და მეგობრობაში გადაიზარდა. მერე თბილისში ჩამოვიდა და ასე ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი, რაც გახდა ჩემი ამერიკაში გადასვლის მიზეზი.
– მშვენიერი მიზეზია... მას მერე ამ სიმპათიურ ბოსტონელთან ოჯახი გაქვთ... როგორ გააცანით საქართველო, იცოდა რამე ჩვენი ქვეყნის შესახებ მანამდე?
– კი, ჯვარი აქ დავიწერეთ, ქართულ ეკლესიაში. ჩემამდე საქართველოზე მხოლოდ მისი მდებარეობა იცოდა. როცა საუბარი დავიწყეთ, მერე ინტერნეტით ეძებდა და კითხულობდა. ძალიან უყვარს ისტორია და სიძველეები. ყველა სტუმრობისას ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი ისტორიული ადგილები მეჩვენებინა.
– შვილებმა ქართული იციან? რამდენი შვილი გყავთ?
– ერთი, 4 წლის გოგონა. ქართული, რა თქმა უნდა იცის. თვითონ ვზრდი და ძირითადად ქართულად ველაპარაკები.
– რა ჰქვია მხატვრობის იმ ჟანრს რომელსაც ახლა მისდევთ და როგორ გაჩნდა ფოტოდან ნახატის შექმნის იდეა?
– იმ წელს, როდესაც ამერიკაში გადავედით, რეკორდულად დიდი ზამთარი იყო. უცხო გარემოში, ნაცნობი ადამიანების გარეშე, სახლში პატარასთან ერთად. გადავწყვიტე, ისევ დამეხატა, ამჯერად მინდოდა, ზეთით მეცადა. თავიდან პეიზაჟებს ვხატავდი, ისე, საკუთარი სიამოვნებისთვის. მერე ჩემი მეუღლის დამ მთხოვა, მეცადა და მისი ძაღლის პორტრეტი დამეხატა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაკარგა. მერე მისმა თანამშრომლებმა და მეგობრებმა გადაწყვიტეს, ჩემთვის პორტრეტები შეეკვეთათ და ასე გავრცელდა სრულიად შემთხვევით. დღეს უკვე ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან ვიღებ შეკვეთებს.
– თუ საიდუმლო არ არის, რა ღირს იქ თქვენ მიერ შესრულებული ნამუშევარი?
– ფასი ზომასა და ნახატის სირთულეზეა დამოკიდებული.
– ძირითადად რას ხატავთ? და რა მასალით მუშაობთ?
– ძალიან პოპულარული აღმიჩნდა ძაღლის პორტრეტები, რომლებსაც საკუთარი შვილებივით ზრდიან და უფრთხილდებიან. ჩემი ნამუშევრები ზეთითაა შესრულებული.
– როგორც ვიცი, საკმაოდ პოპულარული ძაღლიც გყავთ დახატული...
– ჰო, ეს ბოლო ნამუშევარია. ეს ძაღლი უილ სმიტთან ერთად არის გადაღებული ფილმში „I am legend".
– მიამბეთ, ვინ გთხოვათ მისი დახატვა...
– ერთ-ერთი ლამაზი გერმანული ნაგაზის დახატვისა და ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ პატრონმა მომწერა და მთხოვა, მისი საუკეთესო მეგობარი დამეხატა, რომელიც ორი წლის წინათ გარდაიცვალა. შემდეგ მიამბო მასზე, როგორ გადაიღეს ფილმში.
– საყვარელი ფერი გაქვთ?
– ალბათ, ლურჯის ყველა ელფერი.
– საყვარელი მხატვარი?
– და ვინჩი, ალბათ, უფრო.
– საქართველოში რა ინტენსივობით ჩამოდიხართ და როცა აქ არ ხართ, რა და ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად?
– ყოველ წელს ჩამოვდივარ. ბუნებრივია, ყველაზე მეტად ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები მენატრებიან. კიდევ, რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო და ურთიერთობები.
скачать dle 12.0



წყარო: PrimeTime.Ge
+2