მუქი ვერსია

გიორგი კვირიკაშვილი თანაგუნდელებს მიმართავს


უდიდესი უსამართლობა - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებულ თაბორის პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები.
პრემიერის შეფასებით, სიმართლე არის ერთი რამ - თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული ზონით.
„არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რასაც გასული დღეების განმავლობაში ვხედავთ. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ამ ყველაფრის ზღვარი. ჩვენ ვხედავთ ამ ზღვარს იქით გადასულ ადამიანებს. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ ამ ტყუილით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური თბილისის მერიასთან გამართულ აქციას გამოეხმაურა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი გზის გადაკეტვას და 4-5 საათის განმავლობაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქუჩის პარალიზებას ცდილობდა. პრემიერმა საზოგადოებრივი წესრიგის უკეთ დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ისინი ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს პუშკინის სკვერის მითვისება. სინამდვილეში საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარე, მიწისქვეშა ტერიტორიაზე პარკინგის მშენებლობაზე. დღეს მერია სანთლით ეძებს ადამიანებს, რომლებიც თბილისში 10 პარკინგს ააშენებენ, რადგან თბილისში არ არის პარკინგები. სამწუხაროდ, დღეს პარკინგი ვერ გახდა ბიზნესი, რადგან პარკინგის ღირებულება არ არის ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს  მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, ამიტომ პარკინგი ძალიან გვჭირდება. ეს ადამიანი, პრაქტიკულად აბსოლუტურად არაკომერციულ საწყისებზე აშენებს ორჯერ მეტ პარკინგს, ვიდრე ეს სჭირდება სასტუმროს, რომელიც იქ შენდება. ასევე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს ბოტანიკური ბაღის მითვისება. სინამდვილეში, საუბარია ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე - სულ რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე, იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღიდან წავკისამდე არსებული გახრიოკებული ფერდობები, რომელზეც ამ პროექტის მშენებლობაა გათვალისწინებული, გამწვანდეს და მოირწყას. ყველაფერს და მათ შორის ტყუილსაც საზღვარი აქვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხედავს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ტყუილების კასკადი 2011 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველ გუნდს ჯერ პრორუსულად წარმოაჩენდნენ, მაგრამ ვერავინ დააჯერეს, რადგან, მთავრობის ყველაზე დიდი წარმატება პროდასავლურ მიმართულებას უკავშირდება - მათ შორისაა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება აშშ-თან, რომელთანაც არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური ურთიერთობა.
„დღეს გაკოტრდნენ და ვეღარაფერი გაუკეთებიათ. რაღაცით ხომ უნდა მიიპყრონ ყურადღება და მოიგონეს ეს ორი უსინდისო ტყუილი, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ამას ხედავს. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო - როდესაც შენ მართალი ხარ, ცოტა უფრო თამამად არის საჭირო ამ სიმართლის თქმა. არავის უნდა მოერიდოს, რომ ვთქვათ, რაზეა საუბარი. საუბარია მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციაზე. ჩვენ ინვესტორები გვჭირდება და რაკი ბიძინა ივანიშვილია, არ ამოვიღოთ ხმა და არ დავიცვათ ინვესტიცია, ვფიქრობ, ეს არასწორია. საუბარია იმაზე, რომ 20 ათასი ადამიანი საქმდება დღეს ამ ინვესტიციებზე - თბილისში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში. 680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია, ეს მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ რომ ხუთი ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის?!" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა წინა და მოქმედ ხელისუფლებას შორის არსებულ განსხვავებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ოპონენტები გააფთრებულები იბრძვიან, თუმცა მათი მობრუნება გამორიცხულია, რადგან ხალხი ყველაფერს ხედავს.
„ჩვენც, პოლიტიკოსები უნდა ვეცადოთ, რომ ეს სიმართლე მაქსიმალურად დავანახოთ. მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს მივმართო, ცოტა გავამხნევო ისინი - სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი. ყველაფერი იდეალურად არ არის, ზოგჯერ ყველაფერი აღმავალია, ზოგჯერ არის ჩავარდნა, მაგრამ მიმართულება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, არის სწორი. ცოტა თამამად ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეობას. ეს ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს. ეს არის უდიდესი უსამართლობა და მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამ - თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით,  რეკრეაციული სივრცით და ჩვენ ამაზე უარი ვთქვათ იმიტომ, რომ ნევროზიანი პოლიტიკოსების აზრი გავითვალისწინოთ, მე ამას არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდები და ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ დათანხმდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.скачать dle 12.0



წყარო: PrimeTime.Ge
0